პირდაპირი ფრენები რუსეთთან

მოსკოვში რეისებზე განაცხადი არ გაგვიკეთებია, ინფორმაცია ტყუილია – Georgian Airways

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

"მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით" - აღნიშნავს საქართველოს ავიახაზები.

იქამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ "საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა".

"ასევე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენები არც საძიებო სისტემებსა და საქართველოს ავიახაზების ვებგვერდზე არ იძებნება, თუმცა, ქართული მედიის ნაწილის მტკიცებით, ვნუკოვოს აეროპორტის განრიგში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისი გაჩნდა, თუმცა ახლა აღარ იძებნება. ასევე, მთავარმა არხმა აეროპორტის ცხელ ხაზთან  სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა,  რომლის მიხედვითაც, "განაცხადი ჯორჯიან ეარვეისმა წარადგინა და პირველი რეისი 18 აპრილსაა დანიშნული".


18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელისა და თბილისსა და მოსკოვს შორის არაოფიციალურ დიალოგში რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ "ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება" და თქვა, რომფრენების აღდგენა მხოლოდ მათზე დამოკიდებული არაა. 

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიურიკამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები