პირდაპირი ფრენები რუსეთთან

მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ნაკურთხი წყალი დალიონ, დაისვენონ და ქვეყანას თავი დაანებონ

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის გახშირებულ ფრენებს გამოეხმაურა. მაჭარაშვილმა ოპოზიციას ნაკურთხი წყლის დალევა და დასვენება ურჩია.

"საქართველო ევროკავშირში დერეფანი ხდება იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც თავად აღიარებენ, რომ ეს საქართველოსთვის კარგია. ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ ეს რაღაც შავი ხვრელები და შავი საქართველო აღარ დაესიზმროს. დანარჩენი, ან ნაკურთხი წყალი დალიონ, დაისვენონ და ქვეყანას თავი დაანებონ". - თქვა მაჭარაშვილმა.

რუსული ავიაკომპანია Red Wings მომავალი კვირიდან, ეკატერინბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ამატებს.

მანამდე Эхо Кавказа წერდა, რომ ნოემბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე რეისების რაოდენობა კვირაში 5-ს მიაღწევს, ამასთან, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა ნოემბერში კვირაში 45-ს გადააჭარბებს. მათ შორის არის ყოველკვირეული 28 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის.

ამასთან, ორი კვირის წინ რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები დაამატა.

Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

 

კომენტარები