პირდაპირი ფრენები რუსეთთან

პირდაპირი ფრენები ეკატერინბურგიდან საქართველოსკენ მომავალ კვირას განახლდება – რუსეთი

პირდაპირი ფრენები ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალი კვირიდან განახლდება. ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა მიხაილ მალცევმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით". - თქვა მალცევმა.

ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი შეასრულებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო თბილისისკენ - 2 ნოემბრიდან. კოლცოვოდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ამ დროისთვის არ სრულდება.

როგორც კოლცოვოს პრესსამსახურმა Интерфакс-თან აღნიშნა, ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები 2019 წლის ივლისში შეწყდა.

მანამდე Эхо Кавказа წერდა, რომ ნოემბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე რეისების რაოდენობა კვირაში 5-ს მიაღწევს, ამასთან, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა ნოემბერში კვირაში 45-ს გადააჭარბებს. მათ შორის არის ყოველკვირეული 28 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის.

გასულ კვირას, რუსული მედიის ცნობით, Азимут-ის თვითმფრინავის, Sukhoi Superjet 100-ის ტექნიკური გაუმართაობის გამო, რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. საბოლოოდ, კი ფრენა სოჭიდან თბილისის მიმართულებით 9 საათის შემდეგ შესრულდა. 

ამასთან, ორი კვირის წინ რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები დაამატა. როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 2023 წლის 19 ოქტომბრიდან კვირაში სამჯერ ფრენები სრულდება რუსეთის ქალაქ მინვოდიდან თბილისის მიმართულებით. 

Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები