პირდაპირი ფრენები რუსეთთან

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამატებს

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებს ამატებს. როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 2023 წლის 19 ოქტომბრიდან კვირაში სამჯერ ფრენები შესრულდება რუსეთის ქალაქ მინვოდიდან თბილისის მიმართულებით. ბილეთების ფასი, დამატებითი მოსაკრებლის გარეშე, 58 ევროდან დაიწყება. 

ავიაკომპანიამ ამავე წლის 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის,  ხოლო 11 ოქტომბრიდან – სოჩა-თბილისი-სოჩის რეისებიც დაამატა. ორივე მიმართულებაზე ფრენები კვირაში ორჯერ სრულდება. 

Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები