რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა აღნიშნა, რომ თავად საქართველომ მიმართა რუსეთს ფრენების აღდგენის მოთხოვნით.
მისი თქმით, თბილისმა რამდენიმე კვირის წინ წამოჭრა ფრენების აღდგენის საკითხი. ჯაბაროვის განმარტებით, განიხილებოდა რუსული ავიაკომპანია აეროფლოტის რეისების აღდგენა.
ტაბულა ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, კომენტარს შემოგთავაზებთ.
19 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მისასალმებელია. მანამდე, 18 იანვარს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იმედოვნებს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.
შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.
ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.
ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიურიკამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".





