საქართველო-რუსეთი

უნივერსიტეტისა და ღვინის ლაბორატორიის გახსნის სურვილი – რაზე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს არაოფიციალურ ფორუმზე

ლეონიდ კალაშნიკოვი

გასულ კვირაში, 22 მარტს რუსეთში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი – რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა. ფორუმი ოფიციალური სახის არ ყოფილა. რუსეთის მხრიდან მას პოლიტიკოსები და რუსეთის დუმის დეპუტატები ესწრებოდნენ, არ ყოფილა საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა, მაგრამ ფორუმს, რომელიც უკვე მეორეჯერ ჩატარდა, როგორც ჩანს, ქართული ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. პირველი მსგავსი შეხვედრა 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა, თუ რაზე გაკეთდა აქცენტები ფორუმის განმავლობაში.

კალაშნიკოვმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობას. მისი თქმით, ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის ზღვარზე არიან.

"მე ვესაუბრე უმაღლესი საფეხურის მრავალ მაღალჩინოსანს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ - ავიამიმოსვლა და რუსეთში შემოსასვლელად ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თქვენთან ამ გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ". – ამბობდა კალაშნიკოვი.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ფორუმზე გაჟღერდა ინიციატივა, გაიხსნას ქართულ-რუსული უნივერსიტეტი, ჯერ მოსკოვში. ამას გარდა, მისივე თქმით, საუბარი იყო რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის იურიდიული ცენტრისა და რუსეთში გადასული ქართველებისთვის საკუთარი ბიზნესის წარმოების დახმარებისთვის ბიზნეს ცენტრების შექმნაზე.

"ასეთი შეთავაზებები გაჟღერდა და მათზე იმუშავებენ". – თქვა კალაშნიკოვმა. 

ფორუმს ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეც, დმიტრი ვოლვაჩი. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, შეიქმნას ღვინის ლაბორატორია, სადაც სერტიფიკატები რუსული სტანდარტებით გაიცემა.  საუბარი უნდა იყოს კერძო პირებზე და არა პირდაპირ მოლაპარაკებებზე. 

"პირველ რიგში, იქმნება ქართული მეღვინეობის სერტიფიკაციისთვის ექსპერტთა ჯგუფი და საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება რუსული ნორმებით ქართული ღვინის სერტიფიცირებაზე სპეციალიზებული ლაბორატორია, რაც შესაძლებელს გახდის პერსონალის მომზადებასა და აღმოფხვრის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინის მეორად სერტიფიცირებას". – თქვა ვოლვაჩმა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის პარალელურად რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა ქართველმა ბიზნესმენმა ივანე ბაქრაძემ. საუბარში ბაქრაძემ, რომელსაც რუსული მედია საქართველოში სანავთობო ბიზნესის მფლობელს უწოდებს, თქვა, რომ მას რუსეთთან ბიზნესის წარმოების არ ეშინია და მიაჩნია, რომ "უმჯობესია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ახლა დაიწყოს". აღსანიშნავია, რომ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონაცემებით, ივანე ბაქრაძე 2016-2019 წლებში ქართული ოცნების შემომწირველი იყო და შეწირულობის სახით 230 000 ლარი აქვს გადარიცხული.


18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელისა და თბილისსა და მოსკოვს შორის არაოფიციალურ დიალოგში რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ "ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება" და თქვა, რომ ფრენების აღდგენა მხოლოდ მათზე დამოკიდებული არაა. 

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები