ბიძინა ივანიშვილის დავა

"ევროპული პრესის მიერ დაწესებული ცენზურა უკვე ტენდენციად იქცა" – ივანიშვილის ადვოკატები

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის დამცველი იურიდიული ფირმა ემ ქეი დი-ს შეფასებით, "ევროპული პრესის მიერ დაწესებული ცენზურა უკვე ტენდენციად იქცა." ადვოკატების ცნობით, ივანიშვილის პიარ გუნდს ჰქონდა მცდელობა, მორიგი სტატია გამოექვეყნებინა,  "თუმცა, ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია".

"შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები" - აცხადებს იურიდიული ფირმა.

"იმედგამაცრუებელია, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ხორციელდება ბანკის კრიტიკა, მაშინ ბატონი ივანიშვილისთვის ყველა კარი ღიაა: სტატიებს ბეჭდავს როგორც შვეიცარიული, ისე ევროპული და წამყვანი საერთაშორისო მედია. ამასთან, როგორც კი ფოკუსის ქვეშ ექცევა არა ბანკი, არამედ კონკრეტულად მისი მენეჯმენტი, რომელიც შეგნებულად აზიანებს ბანკის ინტერესებს და პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ აქცევს თავის კლიენტს, მაშინ მედია დუმს და ეს უკვე არა ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ტენდენციაა. ტენდენციაა იქიდან გამომდინარე, რომ ბატონ ივანიშვილს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა შვეიცარიულ მედიაში, როდესაც მენეჯმენტის კრიტიკის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე შვეიცარიულმა პრესამაც, რადიომაც და ტელევიზიამაც უარი თქვა 2022 წლის ივლისში.

მაშინ ბატონი ივანიშვილი ამ საკითხზეც ხმამაღლა საუბრობდა. ახლა იგივე უკვე ბრიტანულ/ევროპულ მედიაში განმეორდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, კლიენტმა ვერ შეძლო საერთაშორისო მკითხველის ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა ბანკის მენეჯმენტი 2008-2015 წლებში, როდესაც ხდებოდა მის ანგარიშებზე წარმოუდგენელი დანაშაულები, რის შესახებაც ბანკის მენეჯმენტი ასზე მეტჯერ იღებდა მინიშნებას შიდა აუდიტის სისტემისგან, თუმცა ნაცვლად დანაშაულის აღკვეთისა, დამნაშავეთა პრემიებითა და ბონუსებით წახალისება ხდებოდა. ყოველივეს მოჰყვა განჭვრეტადი და წინასწარ განზრახული შედეგი: დაინგრა ბანკის რეპუტაცია და ფინანსური მდგრადობა და უდიდესი ფინანსური ზიანი მიადგა ბატონ ივანიშვილს.

ამდენად, განჩნდა საფუძვლიანი კითხვა, თუ ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა და მოქმედებს კრედიტ სუისს-ის მენეჯმენტი, რომელშიც პერსონები იცვლებოდნენ, ხოლო ხელწერა უცვლელი რჩებოდა. სწორედ ეს ინფორმაცია და ეს მთავარი შეკითხვა დაექვემდებარა ცენზურას, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია შვეიცარიის მარეგულირებლის, FINMA-ს ანგარიშის მიგნებებს ეფუძნებოდა" - წერია პრესრელიზში და სრულად არის მოყვანილი სტატია, რომლის გამოქვეყნებაც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ევროპულ მედიაში ვერ მოახერხა.

ქართული ოცნების დამფუძნებლის დამცველი იურიდიული ფირმის განცხადებით, მკითხველმა უნდა განსაჯოს, "ბანკის მოქმედებები, მოყოლებული 2022 წლის მარტიდან, შესაძლოა თუ არა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან, რომელზე მითითებაც თვითონ ბანკის ტრასტმა გააკეთა 2022 წლის მარტში იმის ასახსნელად, თუ რატომ უგვიანებდნენ ბატონ ივანიშვილს გადახდებს". ადვოკატები მოუწოდებენ მკითხველს, თავად განსაჯოს, აქვს თუ არა უფლება ივანიშვილს, დაასკვნას, რომ არა ბანკის აქციონერების, არამედ მესამე პირთა დაკვეთას ასრულებს ბანკის მენეჯმენტი.

"შეაფასეთ, არის თუ არა ლოგიკა იმ მსჯელობაში, რომ მენეჯმენტი ერთდროულად, ერთი მხრივ, აზიანებს ბანკის იმიჯს და, მეორე მხრივ, ფაქტობრივი სანქციებისა და პოლიტიკური შანტაჟის პირობებში ამყოფებს ბატონ ივანიშვილს? და ბოლოს, გვაქვს თუ არა უფლება, საჯაროდ ვიკითხოთ, თუ ვისი დავალებით მოქმედებს ბანკის მენეჯმენტი, როდესაც აღნიშნულს ახორციელებს? 

აქვე აღნიშნავთ, რომ ბატონი ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოება და მკითხველი ინფორმირებული ამყოფოს. მისი მედიასთან კომუნიკაცია ეფექტური და წარმატებულია, როდესაც იგი საუბრობს ბანკის მხრიდან დარღვევებზე და როდესაც მისი კრიტიკა მიმართულია ბანკისკენ. სიტუაცია განსხვავდება, როდესაც მისი აქცენტები არა ბანკს, არამედ მის მენეჯმენტს მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენჯერმე დაებლოკა მკითხველამდე მისასვლელი გზა, ის კვლავაც ცდილობს, საერთაშორისო მედიის მეშვეობით დაუკავშირდეს საზოგადოებას და წინამდებარე სტატიაც სწორედ ამ გზას გაივლის. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ბანკის რეპუტაციული და ფინანსური ზიანი იმდენად დიდია, რომ, მიუხედავად მასთან დავაში ყოფნისა, ბატონი ივანიშვილი არ არის დაინტერესებული, დამატებითი კონტრიბუცია შეიტანოს ბანკის ნგრევის პროცესში და ბრმა იარაღად იყოს გამოყენებული მათ მიერ, ვისაც სწორედ მსგავსი ინტერესი ამოძრავებს. 

რომ შევაჯამოთ, მკითხველმა უნდა სწორად შეაფასოს ის დინამიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის მარტის ბერმუდას სასამართლო გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, მაის-ივლისის უსაფუძვლო მოთხოვნებითა და გადაანგარიშებებით გაგრძელებული, ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიებით საკითხის გადადებით, სასამართლოზე მითითებით გაგრძელებული, სააპელაციო სასამართლოში წარმოთქმული დაუშვებელი ახალი არგუმენტითა და მასზე დაყრდნობით, კლიენტის ადვოკატების დასტურის დაჟინებული მოთხოვნით დაგვირგვინებული და ეს ყველაფერი თანხაზე, რომელიც ჯამური აქტივების 1% თუ არის. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით  კი უნდა გაეცეს პასუხი სტატიის მთავარ კითხვას: ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს სრულად მკითხველს და მის ანალიტიკურ უნარებს მივანდობთ. 

ამ ფონზე, ობიექტურად ჩნდება შემდეგი მთავარი შეკითხვები: 

ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა? ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? დაე, მკითხველმა შეაფასოს, არის თუ არა ეს ყოველივე ერთი ცენტრიდან მართული" - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის დამცველი იურიდიული ფირმის პრესრელიზში.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.

კომენტარები