ბიძინა ივანიშვილის დავა

ევროპაში ანალოგიური სურათია, რაც 2012-მდე ქართულ აგენტოკრატიაში იყო – ივანიშვილის დეპუტატები

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების შეფასებით, ექსპრემიერის  ადვოკატების მორიგი წერილი "უმნიშვნელოვანეს მინიშნებებს შეიცავს". ხალხის ძალის განცხადებით, ევროპაში იმის ანალოგიური სურათი იხატება, "რაც 2012 წლამდე ქართულ აგენტოკრატიაში იყო შექმნილი". ივანიშვილის დეპუტატები წერენ, რომ "ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს“.

"დღეს გამოქვეყნებული წერილით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მკაფიოდ აჩვენა, რა პროცესები წარიმართება ჩვენს გარშემო. მთლიანობაში, როდესაც ევროპაში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით, იხატება იმის ანალოგიური სურათი, რაც 2012 წლამდე ქართულ აგენტოკრატიაში იყო შექმნილი:

- დღეს შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში დაუბრკოლებლად წარმოებს ბიძინა ივანიშვილის რეკეტი, რაშიც უშუალოდ არიან ჩართული სახელმწიფო და საფინანსო სტრუქტურები. მეთოდები, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენება, არაფრით განსხვავდება ბიზნესის რეკეტის სქემისგან, რომელიც საქართველოს უახლესი აგენტოკრატიული წარსულიდან ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა;

- ევროპული მედია დღეს არის მონოპოლიზებული და ტოტალურ ცენზურას ექვემდებარება. ეს მდგომარეობაც დეჟავიუს მსგავსად მოგვაგონებს 2012 წლამდე არსებულ ქართულ რეალობას, სადაც მედია და მისი იდეოლოგია ასევე ერთი ხელიდან იმართებოდა;

- დღეს ევროპარლამენტი არის აგენტოკრატიის ნოტარიუსი, რომელიც ნებისმიერი აბსურდის გაფორმებაზეა თანახმა. ასეთი პარლამენტიც მძიმედ გვახსოვს 2004-12 წლების ქართული რეალობიდან, სადაც საკანონმდებლო ორგანო სააკაშვილს თავის თავზე ჰქონდა მორგებული და მას ნებისმიერ უმსგავსობაზე ზუსტად ისეთივე წარმატებით აწერინებდა ხელს, როგორი წარმატებითაც დღეს ევროპარლამენტს სამარცხვინო რეზოლუციებს ამტკიცებინებენ.

ქართულ აგენტოკრატიას ყველა ამ გამოვლინებით ჩვენმა მოსახლეობამ 2012 წელს დააღწია თავი და თუ ევროინტეგრაცია ლოკალური აგენტოკრატიის ევროპული აგენტოკრატიით ჩანაცვლებას ნიშნავს, ასეთ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობისთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

წლების მანძილზე, ჩვენ ევროპა თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის გამო გვხიბლავდა. ქართველები პატარა ერი ვართ, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით თვითმყოფადობისა და ქრისტიანობისთვის. გარდა ამისა, გასული ოთხი ათწლეულის მანძილზე ჩვენ ორი პრინციპული ბრძოლა გადავიტანეთ დემოკრატიისთვის - 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა რეჟიმის და 2012 წელს სააკაშვილის სისხლიანი აგენტურული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ქართველებმა კარგად ვიცით როგორც თვითმყოფადობისა და ქრისტიანობის, ისე დემოკრატიის ფასი.

ვხედავთ, რომ დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს სულ მცირე 10-12 წელი დაჭირდება. შესაბამისად, საჩქარო და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამ 10-12 წლის განმავლობაში, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს“ - წერია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების შეფასებით, კრედიტ სუისი არა ბანკის აქციონერების დაკვეთით, არამედ სწორედ აქციონერების ინტერესების წინააღმდეგ, "მესამე ძალის დაკვეთითა და დავალებით" მოქმედებს. მათი განცხადებით, პრობლემა არა ბანკის მენეჯმენტის საკადრო სისუსტეში, არამედ მასზე "მესამე ძალის ზემოქმედებაშია", რომელსაც ბანკის დასუსტებისა და პოლიტიკური შანტაჟისთვის მისი გამოყენების ინტერესი ამოძრავებს.

"ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ევროპულ მედიაზე ცენზურის თემის არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობენ და საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ივანიშვილის ადვოკატები ევროპაში სტატიებს ვერ ბეჭდავენ. სინამდვილეში, ადვოკატებმა ევროპულ მედიაში უამრავი სტატია დაბეჭდეს, ოღონდ როდესაც ეს სტატიები არა ბანკის მენეჯმენტს, არამედ ბანკს აზიანებდა. ცენზურა მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც ადვოკატებმა აქცენტი ბანკიდან მის მენეჯმენტზე გადაიტანეს.

ანუ გამოდის, რომ არის ვიღაც, ვისაც ბანკის დანგრევა აწყობს და ბანკის მენეჯმენტს, რომელსაც ამ საქმისთვის და ივანიშვილის დაშანტაჟებისთვის წარმატებით იყენებს, კბილებით იცავს.

ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ახალმა სახემ გუშინ იკითხა, ჩვენ თუ ვახერხებთ სააკაშვილის შესახებ ფულით სტატიების გამოქვეყნებას, ივანიშვილი ამას რატომ ვერ აკეთებსო. ამაზეც მარტივი პასუხი გვაქვს. სააკაშვილიც და „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტიც ერთი ძალის აგენტები არიან. დღეს სააკაშვილი ამერიკელების აგენტია, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტსაც ამერიკელები მართავენ და ევროპულ მედიასაც ამერიკელები აკონტროლებენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის აგენტოკრატიის მტერია და ანგარიშსაც და სტატიებსაც, ბუნებრივია, ამიტომ უბლოკავენ" - ნათქვამია განცხადებაში.

15 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის დამცველმა იურიდიულმა ფირმამ მორიგი პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ "ევროპული პრესის მიერ დაწესებული ცენზურა უკვე ტენდენციად იქცა."ადვოკატების ცნობით, ივანიშვილის პიარ გუნდს ჰქონდა მცდელობა, მორიგი სტატია გამოექვეყნებინა,  "თუმცა, ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია".

"ობიექტურად ჩნდება შემდეგი მთავარი შეკითხვები: 

ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა?

ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა?

ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს?

ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება?

ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? 

დაე, მკითხველმა შეაფასოს, არის თუ არა ეს ყოველივე ერთი ცენტრიდან მართული" - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის დამცველი იურიდიული ფირმის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.

კომენტარები