აშშ-ევროკავშირი

გარემოსდაცვითი ჯგუფები აშშ-ს მიერ EU-სთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას აპროტესტებენ

Guardian

გარემოსდაცვითი ჯგუფები აპროსტესტებენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ქვეყნებს 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს.  

ბუნებრივი აირის რაოდენობა, რომელსაც აშშ EU-ს მიაწვდის, იმის მეათედია, რასაც ევროკავშირი ახლა რუსეთიდან იღებს. დაგეგმილია, რომ აშშ-დან გაზის ექსპორტი მეტად გაიზრდება - ევროკავშირის მიზანია, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან 50 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღოს, რათა რუსეთზე აღარ იყოს დამოკიდებული.  

გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიიღო. ბაიდენი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახებს "ზამთრის გადალახვაში" დაეხმარება, ასევე, შეაფერხებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელიც მიღებულ შემოსავალს "ომის მანქანის მართვისთვის' იყენებს. 

თუმცა, აშშ-ს კლიმატისდამცველი ჯგუფები ბაიდენის გადაწყვეტილებას შეშფოთებით ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს გაზის სამომავლო მოხმარებას შეუწყობს ხელს, მაშინ, როდესაც "მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიომ სწრაფად უნდა შეწყვიტოს წიაღისეული საწვავის გამოყენება, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფული კლიმატის ცვლილება". 

"ჩვენ სწრაფად უნდა გადავიდეთ ხელმისაწვდომ სუფთა ენერგიაზე და არ გავაორმაგოთ წიაღისეული საწვავი. წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება ერთადერთი გზაა, რომ აღარ ვიყოთ დაუცველები ხარბი მრეწველობისა და გეოპოლიტიკის ახირებების გამო". - ამბობს კელი შიჰანი, ენერგეტიკული კამპანიების უფროსი დირექტორი Sierra Club-ში. 

მისივე თქმით, გაზის ექსპორტის გაფართოება ათწლეულების განმავლობაში "სარისკო, არასტაბილურ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას" გამოიწვევს და "კატასტროფა იქნება ჩვენი კლიმატისთვის". 

ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება კასი სიგელიც, ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის კლიმატის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.

"ახალი ტოქსიკური საექსპორტო ობიექტებისა და ათწლეულის განმავლობაში მეტი მეთანის გაზის გაშვება სასიკვდილო განაჩენია მათთვის, ვინც კლიმატის საგანგებო სიტუაციის ფრონტზეა. ეს ვერ გადაჭრის ევროპის ამჟამინდელ კრიზისს". - ამბობს ის.   

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები