აშშ-ევროკავშირი

ფრიდრიხ მერცმა აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგია გააკრიტიკა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
Maja Hitij/Getty Images

 გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გასულ კვირას წარმოდგენილ აშშ-ს ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ზოგიერთი ნაწილი ევროპული პერსპექტივით მიუღებელია.

"ნაწილი დამაჯერებელია, ნაწილი გასაგები, ხოლო ნაწილი სრულიად მიუღებელი ჩვენთვის, ევროპელებისთვის" – თქვა მერცმა აშშ-ს სტრატეგიაზე საუბრისას.

"მე ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა სცადონ. თუ მისი გადარჩენა საერთოდ გახდება საჭირო, ამას ჩვენ თვითონ შევძლებთ" – დაამატა მან.

მერცმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის შინაარსი ძირითადად მოულოდნელი არ ყოფილა და იგი დიდწილად ემთხვევა იმას, რაც აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა.

 მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს მთავრობას მიმართა: "ამერიკა პირველ რიგში’ მისაღებია, მაგრამ ‘მხოლოდ ამერიკა’ ვერანაირად ვერ იქნება თქვენს ინტერესებში. თქვენ გჭირდებათ პარტნიორები მსოფლიოში, და ამ პარტნიორებს შორის ერთ-ერთი შეიძლება ევროპა იყოს. თუ ევროპასთან ურთიერთობა ვერ შედგება, მაშინ აქციეთ გერმანია თქვენს პარტნიორად". – ამბობს გერმანიის კანცლერი.

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარეს საერთო მიზანი აქვს და ეს მიზანი კონტინენტზე თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაა.

კომენტარები