რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ადმინისტრაცია: საქართველოს მთავრობის გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია ეჭვს იწვევს

ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების "გაურკვეველი, არამკაფიო" პოზიცია ეჭვს იწვევს. 

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს [უკრაინას] მე ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას. არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი აქ იცავდნენ საქართველოს. მე მყავს მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები აქ წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები.  მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს". - ამბობს ის. [ფორმულას თარგმანი]  

ერმაკი ასევე ეხმაურება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის უნდა მიემართა. მისი თქმით, დეპუტატებმა ინიციატივაზე უარი გაურკვეველი მიზეზებით თქვეს და "ეს გახლავთ კიდევ ერთი წერტილი გაურკვევლობაში".

"ჩვენ ვგრძნობთ და ვიღებთ ინფორმაციას გარკვეული ურთიერთობების დათბობების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. ჩვენ ვიცით, რომ ეს უბრალოდ ასე არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ამიტომ, არის შეგრძნება რაღაცის, რაც არ ვიცით, არის შეგრძნება რაღაცის, რომ არ არის გარკვეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ ეს გარკვეულობა დადგეს, იყოს აბსოლუტური გულწრფელობა და არავის ჰქონდეს შეგრძნება, რომ რაღაც მიღმა რჩება. 

მაგალითად, მე ვიცი, რომ იყო მცდელობა ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან, საქართველოს პარლამენტიდან მიემართათ ჩვენი პრეზიდენტისთვის, რომ ის გამოსულიყო სიტყვით, როგორც ეს მოხდა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ლიტვისა და ძალიან ბევრი ქვეყნის პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დიდი პატივისცემით განიხილავდა ამ შეთავაზებას. მე ვთვლი, რომ ის დათანხმდებოდა, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან მეგობრული ქვეყანაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას, ზოგიერთმა დეპუტატმა გაურკვეველი მიზეზების გამო [არ დაუჭირა] და ეს გახლავთ კიდევ ერთი წერტილი იმ გაურკვევლობაში". - ამბობს ერმაკი. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?" ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".  

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია.  

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერათ პარლამენტის წინ ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში იკრიბებოდა. აქციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც და დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები