რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: რუსმა დამპყრობლებმა სკადოვსკის მერი, ოლეკსანდრ იაკოვლიევი გაიტაცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში შემავალი ქალაქის, სკადოვსკის მერი, ოლეკსანდრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს.

"რუსი დამპყრობლები უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას განაგრძობენ. დღეს მათ სკადოვსკის მერი, ოლეკსანდრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოსთხოვონ რუსეთს, რომ ყველა უკრაინელი მაღალჩინოსანი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ". - წერს კულება Twitter-ზე.

13 მარტს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს.

12 მარტს კი რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლის მერს აწამებენ, რათა რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო გადააღებინოს. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები