კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) უკრაინის ომის შესახებ საქართველოს მოქალაქეების შეხედულებების კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობის 66% თვლის, რომ საქართველო რუსეთისა და რუსეთის ხელისუფლებისთვის დაწესებულ ყველა ან ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს.
მათგან 39%-ის აზრით, საქართველო ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს, ხოლო 27% ფიქრობს, რომ მხოლოდ მათ ნაწილს. 19% სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 7-10 მარტს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1 092-მა სრულწლოვანმა პირმა მიიღო, შედეგების ცდომილება 2.96%-ია.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.
- რა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ
- რა არის SWIFT და რა გავლენა ექნება რუსეთის გარიცხვას საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკაზე
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.
8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.
დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





