საქართველო-რუსეთი

"კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი

თბილისში ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოი იმყოფებოდა.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცელებს. შვიდკოი მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ის თბილისში ამ თეატრის "ცირკის პრინცესისა" და "რევერსის" კინოსპექტაკლის ჩვენებას დაესწრო.

შვიდკოის აზრით, კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის "ნდობის აღდგენა" შეუძლია.

"მგონია, რომ კულტურა არის სფერო, რომელსაც შეუძლია ნდობის იმ ატმოსფეროს აღდგენა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისადმი მიილტვიან, ჩვენ საკმაოდ სიღრმისეული კავშირი გაგვაჩნია." - თქვა შვიდკოიმ.

შვიდკოი თვლის, რომ გამართული ჩვენება "უაღრესად მიმზიდველია" ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტების განვითარების თვალსაზრისით.

"ვფიქრობ, [ჩვენება] ჩვენს კოლეგებში ინტერესს გამოიწვევს, რადგან გვსურს, საქართველოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გავაცნოთ თანამედროვე რუსული ხელოვნება, თანამედროვე რუსული ფერწერა, კინემატოგრაფია და არტისტების შემოქმედება. ცხადია, ჩვენ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის მისაღები და კომფორტული იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარ კულტურულ აქციებს თავისი მნიშვნელობა აქვს." - თქვა პუტინის წარმომადგენელმა.

შვიდკოის თქმით, რუსეთი ღაა ქართველი ხელოვნებისთვის.

"უნდა ითქვას, რომ ქართველი შემსრულებლები რუსეთში მრავლად არიან. რეგულარულად ჩამოდიან გასტროლებზე დიდი ქართული კოლექტივები, არის მრავალი შესანიშნავი მუსიკოსი, შემსრულებელი, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ რუსეთში." - დაამატა შვიდკოიმ.

ბოლო სამ თვეში საქართველოში ეს შვიდკოის მეორე ვიზიტია. აქამდე ის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები