რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის დეფოლტი აღარ არის დაუჯერებელი, თუმცა ის გლობალურ ფინანსურ კრიზისს არ გამოიწვევს – IMF

Shutterstock

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, რუსეთის დეფოლტი აღარ არის "დაუჯერებელი", თუმცა ის გლობალურ ფინანსურ კრიზისაც არ გამოიწვევს.

გეორგიევას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები უკვე მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და ის მიმდინარე წელს დიდ რეცესიას გამოიწვევს.

მისივე თქმით, ომსა და სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც დამოკიდებულები არიან რუსეთის ენერგომარაგებზე. გეორგიევას განმარტებით, ყველაზე დიდი პროცესს ყველაზე დიდი გავლენა საქონლის ფასებსა და ინფლაციის ზრდაზე ექნება, რაც პოტენციურად გამოიწვევს შიმშილსა და სურსათის დეფიციტს განსაკუთრებით აფრიკის ზოგიერთ ნაწილში.

რუსეთის ცენტრალური ბანკი საფონდო ბირჟას 14-18 მარტსაც არ გახსნის. მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.

8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.

დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები