რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ცენტრალური ბანკი საფონდო ბირჟას შემდეგ კვირასაც არ ხსნის

REUTERS/Maxim Shemetov/

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ 14-დან 18 მარტამდე არ განაახლოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა, გარდა SPFI გადახდის სისტემის გამოყენებით ბაზრის არაღია ტრანზაქციისა. 

ბანკის ცნობით, საოპერაციო გეგმების შესახებ განცადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

ევროკავშირი მოსკოვს შეუჩერებს ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსს, შეუზღუდავს კრიპტოაქტივების გამოყენებას და აკრძალავს რუსეთში ევროკავშირის ფუფუნების საქონლის ექსპორტს და რკინისა და ფოლადის საქონლის იმპორტს.

11 მარტს ამერიკის შეერთეთებულმა შტატებმა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ბაიდენმა რუსეთის "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმებაც მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

კომენტარები