აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს

უკრაინის ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის  პოზიციის გამო, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ენმ-ს და ლელოს საკრებულოს დეპუტატებმა, გიორგი კირთაძემ და ირაკლი კუპრაძემ ისაუბრეს.

"მისი განცხადებები წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესთან. მან [თორნიკე რიჟვაძემ] უნდა დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის პოსტი. ჩვენ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ პროცედურას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან თორნიკე რიჟვაძის პოზიციას, რომლის ზეწოლითაც მათ სამწუხაროდ ვერ შეძლეს ორი კვირის განმავლობაში დაინიცირებული რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას გულისხმობს, ეხლა მაინც ჩამოირეცხონ სირცხვილი და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ". – თქვა კირთაძემ

7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ არ დაასახელა, რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ უკრაინამ.

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა, რიჟვაძე პასუხად ამბობს, რომ ამ საკითხზე "დარგის ექსპერტებს" უნდა მიმართონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები