რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მიმართეთ დარგის ექსპერტებს" – თორნიკე რიჟვაძე კითხვაზე, რუსეთმა დაიწყო ომი თუ უკრაინამ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, თორნიკე რიჟვაძე თავს არიდებს დაასახელოს, თუ რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ უკრაინამ.

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა, რიჟვაძე პასუხად ამბობს, რომ ამ საკითხზე "დარგის ექსპერტებს" უნდა მიმართონ.

ჟურნალისტის გამეორებულ კითხვაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კვლავ არ ასახელებს ომის დამწყებ ქვეყანას და ამბობს: "მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას. საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ". – ასე პასუხობს თორნიკე რიჟვაძე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები