აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

კობახიძე: ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში, მას ძალიან ღირსეული ადამიანი შეცვლის

ტაბულა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, "არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში". კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხაბაძე ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნების გუნდთან ერთად, ქვეყნისა და აჭარის რეგიონის საკეთილდღეოდ". კობახიძის თქმითვე, მათთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში წარიმართებოდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციების საფუძველზე იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა", - თქვა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად რა პოზიციაზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით კომენტარს კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები