რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს

რუსეთის საგარეო სამინისტროს შენობა
RBC

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტში გამოცემა Известия-ს განუცხადეს, რომ მოსკოვმა NATO-ს წევრი ქვეყნები როგორც დიპლომატიური არხებით, ისე საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილა: კიევის ხელისუფლებისთვის დახმარება და რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მხარდაჭერა მათ ამ ქმედებების თანამონაწილეებად აქცევს.

საგარეო უწყების განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ესკალაციის გზას აგრძელებს, რაც, მათი შეფასებით, მთლიანად ევროპის უსაფრთხოების ვითარებაზეც უარყოფითად აისახება.

"საწარმოების შექმნა უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სხვა შეიარაღების წარმოებისთვის, კონფლიქტის გაჭიანურებისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია. ამავე რიგს მიეკუთვნება უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მიერ საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენების ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის" - აღნიშნეს დიპლომატებმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, რომელიც, უწყების შეფასებით, ბალტიისპირეთის ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად, ის "ქაფმომდგარი პირით" უჭერს მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე.

"კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მსგავსი ავანტიურისტული გეგმები და მათი განხორციელება შორსმიმავალ შედეგებს გამოიწვევს. ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება გადამწყვეტი და გამანადგურებელი პასუხი მათი ინიციატორებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენს მიმართ არსებულ საფრთხეებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით ვუპასუხოთ" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები