რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: აშშ-სთვის მოულოდნელი იყო პოლონეთის მიერ MiG-29 თვითმფრინავების გადმოცემა

პოლონეთის MIG-29
Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, პოლონეთის მიერ აშშ-სთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა მოულოდნელი იყო.

"ჩემი ინფორმაციით, ჩვენთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა იმის შესახებ, რომ თვითმფრინავების გადმოცემას აპირებდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლონელებისგან მოულოდნელი ნაბიჯი იყო". – თქვა ნულანდმა.

მისივე თქმით, პოლონეთთან აშშ-ს მოლაპარაკების დროს მთავარი საკითხი იმის შეფასება იყო, თუ რა საჭიროებები შეექმნებოდა კონფლიქტის მეზობლად მყოფ პოლონეთს.

"პოლონეთი სარგებლობს NATO-სგან სრული საჰაერო უსაფრთხოებით. მთავარი საკითხია შევაფასოთ, რა არის პოლონეთის დაუყოვნებლივი საჭიროებები ამ კონფლიქტის მეზობლად ყოფნის კონტექსტში". – თქვა ნულანდმა.

პოლონეთი მხარს უჭერდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ გაგზავნიდნენ საბრძოლო თვითმფრინავებს, ვინაიდან არ არიან კონფლიქტის უშუალო მხარე.

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემს. განცხადების მიხედვით, პოლონეთმა გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების კონტექსტში მიიღო.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები