რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემაზე: პოლონეთის შეთავაზება გონივრული არ გვგონია

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29
Sky News

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, პოლონეთის შეთავაზება, გადასცეს აშშ-ს MiG-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაუგზავნონ, გონივრული არ ჰგონიათ. 

"ვეკონტაქტებით პოლონეთის მთავრობას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ვთქვით, პოლონეთის კუთვნილებაში მყოფი თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული პოლონეთის მთავრობაზე. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გავაგრძელებთ კონსულტაციებს უკრაინისთვის უსაფრთხოების მიმდინარე დახმარებასთან დაკავშირებით, რადგან, ფაქტობრივად, პოლონეთის შეთავაზება აჩვენებს თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს საკითხი. 

"ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განკარგულებაში მყოფი" რეაქტიული ავიაგამანადგურებლების აშშ-ს/NATO-ს გერმანული ბაზებიდან უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებულ საჰაერო სივრცეში გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს ალიანსისთვის სერიოზულ შეშფოთების საგანს აჩენს. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია არსებობს თუ არა ამის არსებითი საფუძველი. გავაგრძელებთ პოლონეთთან და NATO-ს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს ამ საკითხსა და მასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ გამოწვევებზე, მაგრამ არ გვგონია, რომ პოლონეთის შეთავაზება გონივრული იყოს". - აცხადებს პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი.

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემდა. ავიაგამანადგურებლებს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გადაიყვანდნენ. განცხადების მიხედვით, პოლონეთმა გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების კონტექსტში მიიღო.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, პოლონეთის მიერ აშშ-სთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა მოულოდნელი იყო.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ პოლონეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემდა, აშშ ვარშავას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით მოამარაგებდა, რასაც პოლონურმა მხარემ სიცრუე უწოდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ პოლონეთთან მუშაობდა, რათა ვარშავას უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთთან საუბრობდნენ. სწორედ ამის შემდეგ, 8 მარტს, პოლონეთის მხარემ გამოაქვეყნა განცხადება აშშ-სთვის MiG-29-ების გადაცემასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები