რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: რუსეთმა დაარღვია ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმება

ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე, ირინა ვერეშჩუკი ადასტურებს, რომ ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმებები ჩაიშალა.

"11:45 საათზე რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ქალაქ ვოლნოვახის დაბომბვა მძიმე შეიარაღებით. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ 09:00 საათიდან ორი ჰუმანიტარული დერეფანი შეგვექმნა. ვაცხადებ, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმებები. წითელი ჯვრის შუამდგომლობის მიუხედავადაც კი, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები". – თქვა ვერეშჩუკმა.

ჰუმანიტარული დერეფნის მოქმედების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლებაც. ისინი მოსახლეობას თავშესაფარში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

ვერეშჩუკმა ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული მარაგების გაგზავნის შესაძლებლობა ზაპოროჟიედან და დნეპრიდან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები