რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ უკრაინაზე: ბლინკენმა მადლიერება გამოხატა ხალხისა და ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო

ენტონი ბლინკენი კიევში
Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საუბრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა გამოხატა მადლიერება უკრაინის მიმართ "ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის" გამო.  

"სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ". - წერია განცხადებაში.   

დღეს, 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლინკენი მოკავშირე ევროპულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავს - ის მოლდოვაშიც ჩავა, საქართველოში კი არა. 

"დღეს მივდივარ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად ბელგიაში, პოლონეთში, მოლდოვაში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს სოლიდარობასა და გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებს უკრაინის წინააღმედგ სასტიკ ომზე". - წერს ბლინკენი Twitter-ზე.   

კითხვით, ჰქონდათ თუ არა მასთან კომუნიკაცია და რატომ არ დაიგეგმა ვიზიტი საქართველოში, ტაბულამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.    


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.    

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მისი თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა". თუმცა, მთავრობისთვის ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუგებარია". მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა "გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია" და, მისივე სიტყვებით, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც, როგორც კობახიძე ამტკიცებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები