რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: მოვუწოდებთ პარტნიორებს, განაგრძონ სანქციები რუსეთის ეკონომიკის კოლაფსამდე

ტაბულა

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ანდრეი კასანოვა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, განაგრძონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ქვეყნის ეკონომიკის სრულ კოლაფსამდე. კასანოვამ ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა. 

"მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ სანქციებით გავლენის მოხდენა რუსეთის ფედერაციაზე, მისი ეკონომიკის სრულ და ტოტალურ კოლაფსამდე - საერთაშორისო პარტნიორების მიერ ყველა შესაძლო სანქციის გამოყენებით, რუსეთის საბანკო სისტემის, საზღვაო პორტების წინააღმდეგ, ავიასივრცის ჩაკეტვით, რუსეთის ყველაზე გავრცელებული საქონლის იმპორტის შეზღუდვით, ნავთობისა და გაზის ჩათვლით, SWIFT-ის სისტემიდან გათიშვით. ასევე, ბელარუსის წინააღმდეგ ანალოგიური სანქციების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.  

საერთაშორისო დახმარება უნდა იყოს ფოკუსირებული უკრაინისთვის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე. უკრაინა მზად არის, დაიცვას ყველა ევროპული ქვეყანა რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან, ამისათვის ჩვენ გვჭირდება სამხედრო საშუალებების საჭირო რაოდენობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა მიმართავს საკუთარ პარტნიორებს, მოგვაწოდონ საჭირო შეიარაღება და ტექნიკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამატებითი გამანადგურებლების მიწოდებას, იმასთან დამატებით, რაც უკვე გამოყოფილი იყო. ასევე, თანამედროვე საშუალებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებას, მტრის ობიექტების საჰაერო სისტემით განადგურებისთვის". - ამბობს ის გამართულ ბრიფინგზე.  

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.   

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მისი თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა". თუმცა, მთავრობისთვის ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუგებარია". მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა "გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია" და, მისივე სიტყვებით, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც, როგორც კობახიძე ამტკიცებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები