რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: ზელენსკი ტყუის, რომ მზადაა, უკრაინის ნეიტრალიტეტი განიხილოს

სერგეი ლავროვი
AP

"ზელენსკი ტყუის, რომ მზადაა უკრაინის ნეიტრალიტეტი განიხილოს". - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას. 

ლავროვის თქმით, ზელენსკი კატეგორიულ უარს ამბობდა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და "მუდმივად მოუწოდებდა თავის დასავლელ მფარველებს, ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში შეკრებილიყვნენ, მიზეზით თუ უმიზეზიდ, არ ჰქონდა რა გარანტია, რომ ამ შეხვედრებს რაიმე რეალური შედეგი ექნებოდა". 

"აი, სწორედ ამ დროს მოუწოდა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოლაპარაკებებისკენ. ამ მოწოდებების მიზანი ყველასთვის ნათელია - მას სურდა, ჩაენაცვლებინა კონკრეტული სამუშაო, რომელიც საჭირო იყო იმ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც მოლაპარაკებების წინა რაუნდებში იყო მიღწეული". - ამბობს ლავროვი. 

მისივე მტკიცებით, მეორე შემთხვევა, როდესაც ზელენსკიმ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი იყო, როდესაც მან NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინა იმუქრებოდა, თუ ის ბუდაპეშტის მემორანდუმის შესაბამისად არ იქნებოდა დაცული, გათავისუფლებული იქნებოდა ვალდებულებისგან, არ ჰქონოდა ბირთვული იარაღი. 

Reuters-ის ცნობით, ისინი ესაუბრნენ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს, რომელმაც თქვა რომ კიევს სურს მშვიდობა და მზადაა რუსეთთან სასაუბროდ.

"თუ საუბარი შესაძლებელია, უნდა გაიმართოს. თუ მოსკოვში ამბობენ, რომ საუბრის გამართვა სურთ, ნეიტრალური სტატუსის ჩათვლით, ჩვენ ამის არ გვეშინია, ამაზე საუბარიც შეგვიძლია. ჩვენი მზაობა დიალოგისთვის არის მშვიდობისთვის ჩვენი დაჟინებული სწრაფვის ნაწილი", – თქვა პოდოლიაკმა Reuters-თან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები