რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ელჩი ბრიტანეთში: საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა არ გვაქვს

ვადიმ პრისტაიკო

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თქმით, ამჟამად უკრაინას რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა არ აქვს.

"ამ მომენტში, საკმარისი ხალხი გვყავს, საკმარისი აღჭურვილობა არ გვაქვს." – თქვა პრისტაიკომ.

ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრის დროს ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინა აქამდე ღიად ამბობდა, რომ სხვა სახელმწიფოებისგან სამხედრო აღჭურვილობა, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებოდა.

"მაგრამ მტკიცედ ვიბრძვით. ტანკები განადგურებულია, ვერტმფრენები და თვითმფრინავები ჩამოგდებული. საკუთარ მიწას ვიცავთ." – თქვა პრისტაიკომ.

ელჩის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი შავ და აზოვის ზღვებს კეტავს, ზოგიერთი ადგილი რთული დასაცავია, იზღუდება უკრაინის შესაძლებლობები – დამატებითი ძალები და მხარდაჭერა გადაანაწილოს. ელჩის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი მიზნად იღებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, ჰუმანიტარული დახმარება ძალიან მალე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები