რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: დაღუპულია სულ მცირე 40 უკრაინელი სამხედრო

Reuters
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დაიღუპა სულ მცირე 40 უკრაინელი სამხედრო. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა დაადასტურა.
 
არესტოვიჩის თქმით დაჭრილია რამდენიმე ათეული სამხედრო. მისივე თქმით, შედარებით წარმატებული მდგომარეობაა გაერთიანებული ძალების ოპერაციის რეგიონში, დონბასში. თავდაცვის ხაზი გარღვეული არ არის. უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქებზე შჩასტიე და მარიუპოლი. განადგურებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსული სამხედრო ტექნიკა. უკრაინის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს 6 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
 

არესტოვიჩის თქმით, ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან უკრაინაში შესული რუსული არმია ქვეყანაში 5 კილომეტრის მანძილზე არის შეჭრილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები