5 ივლისის ძალადობა

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული ორკი წვერავაზე: გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაზარალებული მოწმის სახით ფორმულას ჟურნალისტი რატი წვერავა იკითხება. 

სასამართლო სხდომაზე, ბრალდებული გიორგი ნასყიდაშვილი ჟურნალისტს დაემუქრა და მოსამართლეს მიმართა: "გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი". 

ორკის გაღიზიანება წვერავას მიერ 5 მოვლენების აღწერამ გამოიწვია. ჟურნალისტმა თქვა, რომ 5 ივლისს აქციის მონაწილეების მოწოდებები ძალადობრივი იყო. 

"ჩვენ ძალადობისკენ მოწოდებებს ეთერში არ ვაშუქებთ, არაკეცებს არ ვაშუქებთ"- თქვა წვერავამ. 

ამის შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ნასყიდაშვილმა წვერავას არაკაცი და უნამუსო უწოდა და მოსამართლესაც მიმართა:

"ამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან. ეს ვინ არის? რატო გვაყენებ შეურაცხყოფას? დაკეტილ ხალხს შეურაცხყოფას გვაყენებ...7-8 თვეა აი, ასეთი პიროვნებების გამო, ასეთი დეზინფორმაციის გამო ვზივარ ციხეში...ამ ვიგინდარას რომ შემოვარტყამ და მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს. მე ამ არაკაცის გამო ვზივარ ციხეში".- თქვა ნასყიდაშვილმა. 

რატი წვერავა ერთ-ერთი ჟურნალისტია, რომელსაც ორკებმა 5 ივლისს სცემეს. კადრებში ჩანს, რომ წვერავა მეუფე იოანესთვის კითხვის დასმას ცდილობდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ადგილიდან გაიყვანეს - ჟურნალისტს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიასთან ათობით ორკი ფიზიკურად გაუსწორდა.


2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

 

კომენტარები