5 ივლისის ძალადობა

მედიაკოალიცია სააპელაციოზე: საგანგაშო და დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალდების შემსუბუქებასა და სასჯელის ვადის შემცირებას. კოალიციის განცხადებით, განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

"საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია". – ნათქვამია კოალიციის განცხადებისთვის.

კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის შემდეგ 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

"მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში". – ნათქვამია კოალიციის განცხადებისთვის.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.

16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი შეუმცირა. სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტებზე, მათ შორის, TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ პუტინისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდება მოუხსნა, ხოლო ძალადობის მუხლებში დამნაშავედ ცნო.  

დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს, რომელთაც 5-5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები