5 ივლისის ძალადობა

სააპელაციომ 5 ივლისს ოპერატორზე თავდამსხმელებს ბრალი დაუმძიმა, ერთი დააკავეს, მეორე ძებნაშია

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მსჯავრდებულებს 3-3 წლის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

პირველი არხის ინფორმაციით, სასამართლომ ერთი მსჯავრდებული, გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ორი პირისთვის ბრალის დამძიმებასთან ერთად კიდევ ხუთი მსჯავრდებულის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დაუტოვა.

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა. პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.  მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 53 ჟურნალისტი.

კომენტარები