5 ივლისის ძალადობა

პროკურატურა პუტინისტებზე: სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პუტინისტი ორკებისთვის სასჯელის შემცირებაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

"საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს, 16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი შეუმცირა. სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტებზე, მათ შორის, TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ პუტინისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდება მოუხსნა, ხოლო ძალადობის მუხლებში დამნაშავედ ცნო.  

დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს, რომელთაც 5-5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

კომენტარები