დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"NATO-ში გაწევრიანება კონსტიტუციაშია გაწერილი" - დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განმარტება

ვადიმ პრისტაიკო

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკომ რუსეთთან ომის არიდების მიზნით დათმობებსა და NATO-ში გაწევრიანებაზე შესაძლო უართან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინა უარს არ იტყვის ალიანსში გაწევრიანებაზე. მისი თქმით, BBC-სთან ინტერვიუს დროს გაუგებრობა მოხდა. დამატებითი განმარტება ელჩმა კვლავ BBC-სთან საუბრისას გააკეთა.

"ჩვენ ახლა არ ვართ NATO-ს წევრი და ომის თავიდან არიდებისთვის ბევრი დათმობისთვის ვართ მზად და ამას ვაკეთებთ რუსებთან საუბრისას. ეს არ არის დაკავშირებული NATO-სთან, [რომელშიც გაწევრიანებაც] კონსტიტუციაშია გაწერილი." - თქვა ელჩმა.

შემდეგი ინტერვიუს დროს BBC-ის ჟურნალისტმა პრისტაიკოს ჰკითხა, იგულისხმებოდა თუ არა დათმობებში NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეყოვნება.

"ეს არ არის NATO-ში გაწევრიანების ამბიციის შეყოვნება, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა არ ვართ NATO-ს ოჯახის წევრი. ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, როგორიცაა ორმხრივი შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან. NATO-სთან ერთად ჩვენ ვეძებთ სხვა შეთანხმებებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეს კონკრეტული განსაცდელი გადავლახოთ." - თქვა ელჩმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცვლებოდა თუ კონსტიტუციაში გაწერილი უკრაინის მიზანი გახდეს NATO-ს წევრი, ელჩმა უპასუხა: "არა".

ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ალიანსზეც არის დამოკიდებული.

"NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებულია NATO-ს მზაობაზე, ეს არ მოხდება ოთხშაბათამდე. ჩვენ გამოსავალი ახლა უნდა ვიპოვოთ. უნდა ვიპოვოთ მეგობრები, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან. ჩვენ ასევე რუსებთან უნდა ვიმუშაოთ, რასაც დამოუკიდებლადაც ვაკეთებთ. მხოლოდ დასავლეთი არ მუშაობს ამისთვის, ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს. ეს არ არის დაკავშირებული NATO-სთან. ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთ უკრაინაზე, ყირიმზე და არა NATO-ზე." - თქვა პრისტაიკომ.

უკრაინის საზღვრებს გარშემო რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების დროს რუსეთმა NATO-ს სთხოვა, გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. NATO უარს არ ამბობს ღია კარის პოლიტიკაზე.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

კომენტარები