დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთის ელჩი შვედეთში: ბოდიში, მაგრამ დავა**ით დასავლეთის სანქციებს

ვიქტორ ტატარინცევი
Aftonbladet

"ბოდიში, მაგრამ დავა**ით სანქციებს." – ასე გამოეხმაურა რუსეთის ელჩი შვედეთში, ვიქტორ ტატარინცევი გამოცემა Aftonbladet-თან საუბრისას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

"ჩვენ უკვე ბევრჯერ დაგვიწესეს სანქციები და მათ ჩვენს ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე დადებითი გავლენა ჰქონდათ. უფრო დამოუკიდებლები ვართ და ექსპორტი გავზარდეთ. არ გვაქვს იტალიური და შვეიცარიული ყველი, მაგრამ იტალიური და შვეიცარიული რეცეპტებით ისეთივე კარგი რუსული ყველის გაკეთება ვისწავლეთ." – თქვა ელჩმა.

ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები კარგი არ არის, მაგრამ არც ისეთი სახიფათოა, როგორც დასავლეთი მათ წარმოაჩენს. ტატარინცევის თქმით, დასავლეთს რუსეთის მენტალიტეტი არ ესმის. ელჩმა აღნიშნა, რომ "რაც უფრო მეტი წნეხი იქნება რუსებზე, მით უფრო ძლიერი იქნება რუსების საპასუხო რეაქცია", თუმცა ომის თავიდან არიდება შესაძლებელია და რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს სწორედ ეს სურთ.

შვედურ გამოცემასთან ინტერვიუს ძირითადი თემა NATO-ში შვედეთის შესაძლო გაწევრიანება იყო. ტატარინცევმა NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას.

"აშშ და NATO პროვოცირებას რომ არ ახდენდნენ და მდგომარეობას არ ამწვავებდნენ, არ ვიქნებოდით NATO-ში შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგი. პატივს ვცემდით შვედეთის ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა ევროპის ამ ნაწილში უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა." – თქვა ელჩმა.

11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები