აშშ-რუსეთი

აშშ-ს სენატში დემოკრატთა უმრავლესობამ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სანქცირებას მხარი არ დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ჩააგდო კანონი, რომელიც გაზსადენის  ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ბიზნესში ჩართული კომპანიების სანქცირებას ითვალისწინებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და მისი მხარდამჭერების თქმით, კანონი ამერიკის გერმანიასთან ურთიერთობას დააზიანებდა. 

კანონპროექტი ინიცირებული იყო რესპუბლიკელი სენატორის - ტედ კრუზის მიერ. მისი თქმით, მხოლოდ დაუყოვნებლივმა სანქციების დაწესებამ შეიძლება შეცვალოს პუტინის გეგმა - უკრაინის ანექსია და ასევე, აღმოფხვრას გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სახით არსებული ეგზისტენციალური საფრთხე.

კანონპროექტს მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, მისი მიღებისთვის კი საჭირო - 60 ხმა იყო. 

12 იანვარს დემოკრატებმა ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსი ოფიციალური პირებისა და საბანკო ინსტიტუტების სანქცირებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ რუსეთი ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში გადასხამს. ამასთანავე, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარებას $500 მილიონით გაზრდის. 

ჩრდილოეთის ნაკადი 2 ფუნქციონირების დაწყებისთვის გერმანიისა და ევროპის სხვა ოფიციალური პირების საბოლოო თანხმობას ელოდება. მილსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ გაივლის და გერმანიაში გაზპრომის ბუნებრივი აირის იმპორტირებას გაორმაგებს. აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეშინია, რომ ეს პროექტი ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულს გახდის და ენერგოუსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. ჩრდილოეთის ნაკადი 2 საფრთხეს უქმნის უკრაინისა და პოლონეთის ინტერესებსაც, რადგან მილსადენი რუსეთს საშუალებას აძლევს ამ ქვეყნებში ტრანზაქციული გადასახადებზე თავის არიდებით გადაიტანოს გაზი.


უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების თავმოყრის გამო აშშ რუსეთს უპრეცედენტო, მკაცრი სანქციებით ემუქრება. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან ვიდეოშეხვედრა 2021 წლის 7 დეკემბერს გამართა. შეხვედრაზე ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ესკალაციის შემთხვევაში  რუსეთს ძლიერი ზომებით უპასუხებენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის "საშინელ ფასს გადაიხდის" და რუსეთისთვის ეკონომიკური შედეგები დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები