აშშ-რუსეთი

ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ესკალაციის შემთხვევაში ძლიერი ზომებით უპასუხებენ

Reuters

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ თქვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ.  პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების დაბრუნებისკენ მოუწოდა. ორმა პრეზიდენტმა გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ მდგომარეობას და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა რეგიონულ საკითხებზე, როგორიც ირანია". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკენმა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

ბაიდენი და პუტინი პირისპირ ერთმანეთს ერთხელ, ჟენევაში 16 ივნისს შეხვდნენ.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები