აშშ-რუსეთი

ზახაროვა: რუსეთი ტრამპის "მშვიდობის საბჭოს” პირველ სამიტს არ დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქმით, რუსეთი ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველ სამიტს არ დაესწრება. 

ზახაროვას თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ “აგრძელებს მუშაობას პოზიციის ჩამოყალიბებაზე” მშვიდობის საბჭოსთან დაკავშრებით.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია 19 თებერვალს ვაშინგტონში "მშვიდობის საბჭოს" პირველი სამიტის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკულ გამოცემებს აშშ-ს მაღალჩინოსნები და მოწვეული ქვეყნების დიპლომატები უყვებიან.

საბჭო, რომელსაც ტრამპი თავმჯდომარეობს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო როგორც შეზღუდული ორგანო, რომლის ამოცანაც ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა იქნებოდა. თუმცა ქარტიის პროექტის მიხედვით, მისი მისია მას შემდეგ გაფართოვდა და მთელ მსოფლიოში კონფლიქტების რეგულირების მიზანი მოიცვა.

ღონისძიება, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველად Axios-მა გაავრცელა, ღაზის სექტორის რეკონკსტრუქციისთვის თანხის შეგროვების ცერემონიასაც ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" წევრად მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია, მათ შორის არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ისრაელი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. თუმცა, გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს.

 
 

კომენტარები