სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დროა: პრეზიდენტი კანონზე ხელმოწერით ოცნებას შეუერთდა სადამსჯელო კამპანიაში

სალომე ზურაბიშვილი

დროა განცხადებით გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სასამხურის გაუქმების კანონპროექტისთვის ვეტოს უფლების გამოუყენებლობას და ეს სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისებად შეაფასა.

პარტია ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება "მძიმედ აზიანებს მის მიერვე ინიცირებულ პროცესს ეროვნული კონსენსუსის შექმნასთან დაკავშირებით".

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება", - წერია განცხადებაში.

დღეს, 13 იანვარს, პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  

კომენტარები