სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

საკონსტიტუციო სასამართლო 18-20 მაისს პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიას სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელების არსებით განხილვას იწყებს. პროცესი 18-20 მაისს გაიმართება.

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთან, სადავოა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა.

ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა.

კომენტარები