სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ოხანაშვილი ინსპექტორის სამსახურზე: ომბუდსმენმა ეუთო/ოდირის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა

პარლამენტი

"აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ინსპექტორის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე. 

ოხანაშვილის თქმით, ის, რომ შინაარსობრივად არასწორი, ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.

"დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი თანამდებობის პირთა არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს რეგლამენტში. დასკვნაში ასევე ნახსენებია, რომ თითქოს გაუქმდა ამ პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს". – თქვა ოხანაშვილმა

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.

"აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე". – ამბობს ოხანაშვილი

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.

25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები