სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

საგამოძიებო სამსახური: საიტზე ინფორმაცია არ წაშლილა, განახლების გამო დროებით მიუწვდომელია

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ინსპექტორის სამსახურის საიტზე არსებული ძველი ინფორმაცია არ წაშლილა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებითაა მიუწვდომელი.

"www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.

საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2 აპრილს ლონდა თოლორაიამ დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის ვებგვერდიდან, რომელიც მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი, ყველა ინფორმაცია წაშალა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები, მათ შორის, საერთაშორისო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შედეგად შექმნილი უწყებაა, რომლის ხელმძღვანელადაც პარლამენტმა კარლო კაციტაძე დანიშნა.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები