სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

საკონსტიტუციომ პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.   

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხებოდა საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა. ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. 

ამრიგად, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, თუმცა ვინაიდან საქმე შეეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ არა ჩადენილი დარღვევების ან თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო, არამედ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით და, ამასთან, ყოველგვარი - დიდი თუ მცირე - კომპენსაციის გადაცემის გარეშე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს. 

ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტები".  

მოსარჩელე მხარეები ლონდა თოლორაია და სახალხო დამცველის აპარატი იყვნენ. მათი მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შემდეგ არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც, კომპეტენციების თვალსაზრისით, განსხვავებული იქნებოდაძველი სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. თუმცა, თოლორაიასა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება უპირობოდ შეუწყდათ. 

საქართველოს პარლამენტის მტკიცებით კი ცვლილებების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება იყო.  

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. თოლორაიას შეფასებით, სამსახურის გაუქმება მის "სახლში წასვლას ემსახურებოდა". 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა. 

კომენტარები