სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის გვერდიდან ინფორმაცია წაშალა

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია წერს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის ვებგვერდიდან, რომელიც მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი, ყველა ინფორმაცია წაშალა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები, მათ შორის, საერთაშორისო.       

"გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა. ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებგვერდზე).

ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ". - წერს თოლორაია.

ლონდა თოლორაია ასევე წერს, რომ მომხდარზე ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ვებგვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე. 


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები