ავღანეთი

თალიბანი ავღანეთში ქალებს კაცი ნათესავის გარეშე შორ მანძილზე მოგზაურობას უკრძალავს

ავღანეთში თალიბანის ახალი წესებით მიხედვით, ქალები თანმხლები ნათესავი კაცის გარეშე შორ მანძილზე მოგზაურობისას ტრანსპორტით ვერ ისარგებლებენ. განცხადება სათნოებისა და ცოდვის სამინისტრომ გაავრცელა და ტრანსპორტის მფლობელებს ასევე მოუწოდა, უარი ეთქვათ იმ ქალების წაყვანაზე, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებენ. 

“ქალებს, რომლებიც მოგზაურობენ 72 კილომეტრზე შორს და თან არ ახლავთ ოჯახის ახლო წევრი, ტრანსპორტით წაყვანა არ უნდა შესთავაზოთ”, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა. თალიბანის ახალი მითითებებით, ტრანსპორტში მუსიკის მოსმენაც იკრძალება. 

ავღანეთში თალიბანის მმართველობის დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა: მათ აეკრძალათ სერიალებში მონაწილეობა, ქალ ჟურნალისტებსა და ტელეწამყავანებს თავსაბურების ტარება მოეთხოვათ. ვღანელ ქალებს შეეზღუდათ მუშაობის საშუალება სახელმწიფო უწყებებშიც. ამასთანავე, აეკრძალათ სპორტულ აქტივოებებში მონაწილეობა.

რაც შეეხება განათლებას,  სკოლაში სწავლა მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისთვის განახლდა. თალიბანი ქალებს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას აძლევს, თუმცა აკრძალულია ლექციებზე კაცებთან ერთად დაესწრება. სავარაუდოა, რომ ეს ქალებს უმაღლესი განათლების მიღებაში ხელს შეუშლის, რადგან უნივერსიტეტებს უმეტესობას არ აქვს რესურსი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე დანიშნოს მეცადინეობები. 

ავღანეთის განათლების სამინისტროს თქმით, ისლამური საემირო არ ეწინააღმდეგება ქალთა განათლებას, თუმცა ქალისა და კაცის ერთად სწავლის მოწინააღმდეგეა. 

“ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ისლამური გარემო, სადაც ქალები შეძლებენ სწავლას… ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს”, - აღნიშნა განათლების მინისტრმა, მაგრამ არ დაუსახელებია კონკრეტული დრო, როცა გოგოები შეძლებენ დაუბრუნდენ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. 

თალიბანი აცხადებს, რომ ქალებისთვის სწავლასა და მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები საჭიროა მანამდე, სანამ სამუშაო და სასწავლო გარემო ქალებისთვის უსაფრთხო არ გახდება.


2021 წლის აგვისტოში აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ

კომენტარები