მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარედგინა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს წარედგინა. პროკურატურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ და მას საქართველოში უკანონოდ შემოსვლის დაგეგმვაში ეხმარებოდა.

გიორგი ლორთქიფანიძე  ჯერ კიდევ  2021 წლის აპრილში  შეხვდა  ბრალდებულ ე. ც.-ს   და გარკვეული დახმარების  სანაცვლოდ დაიყოლია  იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა  მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ე. ც.-ს და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა.

"ე.ც.  20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით  უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა  და  გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა. 26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს  და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის   შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს". – წერს პროკურატურა

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 28 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთოთი შემოვიდა, რომელიც ელგუჯა ცომაიას ეკუთვნის. მათივე ცნობით, ცომაიამ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების შემდეგ  სააკაშვილი ჯერ აბაშაში, საკუთარ სახლში წაიყვანა, შემდეგ  კი თბილისში - ასევე საკუთარ სახლში დააბინავა.    

ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.  

სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს მისი "პრევენციული ჰოსპიტალიზაციის" რეკომენდაცია მისცა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, კონსილიუმის რეკომენდაციებს პატიმრის თანხმობის შემთხვევაში შეასრულებენ. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

​​​​​აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

კომენტარები