მიხეილ სააკაშვილის დაკავება

შსს: დაკავებულია ბინის მეპატრონე გლდანი-ნაძალადევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. 

უწყების ცნობით, დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი, ბინის მეპატრონე გლდანი-ნაძალადევში. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები.

აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გუშინ, 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები