მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე გრიგოლ კაცია: პატრიარქის კურთხევა თუ იქნება, სააკაშვილზე პეტიციას შევუერთდები

"პატრიარქის კურთხევა თუ იქნება, კი" - ასე პასუხობს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლ კაცია კითხვას, შეუერთდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას. მანვე აღნიშნა, რომ "პატრიარქის კურთხევით ყველაფერი კარგად იქნება".

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები თავიანთი მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ, თუმცა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, "სააკაშვილის გადაცემას არავინ ითხოვს და რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომპოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

კომენტარები