მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბობოხიძე: ვმონაწილეობთ მხოლოდ ისეთ აქციებში, სადაც პასუხისმგებელნი ვიქნებით მოქმედებებზე

კაკო ბობოხიძე
TV პირველი

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ პარტია "მხოლოდ ისეთ აქციებში იღებს მონაწილეობას, რომლის განვითარებასა და მოქმედებებზე პასუხისმგებელი იქნება". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ უერთდება ევროპული საქართველო ენმ-ს მიერ დაორგანიზებულ აქციას, რომელიც 14 ოქტომბერს არის ჩანიშნული. 

ბობოხიძე ამბობს, რომ თუ პარტია აქციაზე მივა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აქციის პირობებზე წინასწარ შეთანხმება მოუწევს. მისი თქმით, ევროპულ საქართველოს ენმ-ს "შეზღუდვა" არ სურს. 

"გარდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა, რომლებსაც ძალიან მკაფიო და მკვეთრი პოზიციები აქვთ მიტინგთან დაკავშირებით, არსებობს საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ განცდა და ეს არ არის ახალ სხვათაშორის, რომ აი, რატომ შეგვკრიბეთ, რატომ დაგვიძახეთ. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ნებისმიერ მიტინგს ჩვენ ვუყურებთ როგორც პროტესტის გამოხატვის საშუალებას და არა მყისიერად შედეგის მიღწევის იარაღს. იმას კი არ უარვყოფ რომ ეს შეიძლება მოხდეს. უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ დღეს ამის მზაობა არ არის. ჩვენ წინ ხანგრძლივი პროცესი გველოდება. მერე პასუხიმგებლობა ნაწილდება ყველაზე. რატომ დაგვშალეთ, რატომ ჩამოგვიყვანეთ.

მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობამ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეკრებაზეც, მიმდინარეობაზეც და მომავალ განვითარებაზეც. ამიტომ, ევროპული საქართველო ამ პასუხიმგებლობას ვერ აიღებს იმიტომ რომ გარდა ნაციონალური მოძრაობისა, არსებობს ე.წ. გავლენის ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ რომ რაღაცა შედეგი უნდა დადგეს არჩევნებამდე".- ამბობს ბობოხიძე. 

მისივე თქმით, ევროპული საქართველო სოლიდარობას უცხადებს ენმ-ს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. 

საქართველოს ექპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისში აქცია გაიმართება. 

ენმ-ის აქციებს ევროპული საქართველოს მსგავსად ასევე არ უერთდებიან: გირჩი - მეტი თავისუფლება, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები