აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) ახალი ყოველდღიური აბი დაამტკიცა, რომელსაც ქოლესტერინის დონის სტატინებთან შედარებით გაცილებით მეტად შემცირება შეუძლია.
პრეპარატი ენლისიტიდი (enlicitide), რომელიც ბაზარზე Lipfendra-ს სახელით გაიყიდება, კომპანია Merck-მა შექმნა. ის მოქმედებს PCSK9-ის სახელით ცნობილი ცილის ბლოკირებით.
კლინიკურ კვლევებში პრეპარატმა LDL ("ცუდი") ქოლესტერინის დონე 60%-მდე შეამცირა, რის შედეგადაც მისი მაჩვენებელი 50-60 მგ/დლ-მდე დაეცა. იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტებს არ იღებენ, LDL-ის დონე 100 მგ/დლ-ზე მეტია.
ამერიკის გულის ასოციაციისა (AHA) და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის (ACC) ახალი რეკომენდაციების თანახმად, გულის შეტევისა და ინსულტის საშუალოზე მაღალი რისკის მქონე პირებმა LDL-ის დონე 70 მგ/დლ-ზე ქვემოთ, ხოლო მაღალი რისკის მქონეებმა 55 მგ/დლ-ზე ქვემოთუნდა შეინარჩუნონ.
PCSK9-ის ბლოკატორები უკვე არსებობს, თუმცა ისინი ინექციის სახით გამოიყენება და, როგორც წესი, მათი ღირებულება თვეში 500-600 დოლარს ან მეტს შეადგენს. სადაზღვევო კომპანიები ხშირად არ აფინანსებენ მათ, ხოლო ბევრი პაციენტი ინექციებს თავს არიდებს. შედეგად, იმ აშშ-ში 6 მილიონი ადამიანიდან, ვისაც ეს პრეპარატები სჭირდება, მათ მხოლოდ დაახლოებით 1% იყენებს.
Lipfendra-ს 30-დღიანი მარაგის რეკომენდებული საცალო ფასი 315 დოლარია და პრეპარატი აშშ-ს აფთიაქებში უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.
კომპანია Merck-თან დაუკავშირებელმა კარდიოლოგებმა FDA-ის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ შედარებით იაფმა აბმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ქოლესტერინის ეფექტურ კონტროლს შეძლებენ.
სტენფორდის უნივერსიტეტის კარდიოლოგმა, დევიდ მარონმა განაცხადა, რომ ინექციურ პრეპარატებთან შედარებით ფასის შემცირება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. უკვე არსებული ინექციური PCSK9-ინჰიბიტორები მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გულის შეტევის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს დაახლოებით 20%-ით ამცირებს. ამჟამად კომპანია Merck ატარებს კვლევას იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა იგივე შედეგის მიღწევას Lipfendra-ც.




