მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბარამიძე ჩარკვიანის აქციაზე: არც არის საჭირო, ენმ ყველა აქციას ორგანიზაციულად შეუერთდეს

ტაბულა

"ორგანიზაციულად არც არის აუცილებელი". - ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, ტაბულას ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეურთდა პარტია ენმ, თაკო ჩარკვიანის აქციას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. 

მისი განმარტებით, ყველა აქციას ნაციონალური მოძრაობა ორგანიზაციულად ვერ შეუერთდება, თუმცა, როგორც ბარამიძე ამბობს, ისინი მადლიერები არიან ყველასი, ვინც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აწყობს. 

"ცხადია, ნაციონალური მოძრაობა ყველგან ორგანიზაციულად ვერ იქნება და არც არის საჭირო. ჩვენ ვართ მადლობელები ყველასი, ვინც ამგვარ აქციებს აწყობს ციხესთან, პარლამენტის წინ, სხვა ლოკაციაზე. ძალა ერთობაშია და ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად, როცა ამგვარი მოთხოვნა ისმის, რომ გათავისუფლდეს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ვიბრძვით ერთად, რომ განსაკუთრებით რეფერენდუმის მეორე ტურებში, ერთად დავამარცხოთ პუტინისტური რეჟიმი. 

მე მჯერა, რომ ეს აქციები გაგრძელდება და თითოეული ჩვენგანი ორგანიზაციულად არა, მაგრამ ინდივიდუალურად ვიქნებით ერთად, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას ექნება ესტაფეტა, რომ ბევრად დიდი აქცია მოეწყოს, შევარჩიეთ სვეტიცხოვლობის დღეს, დილით ჩვენი მრევლი, თანამებრძოლები წავლენ სვეტიცხოველში მოილოცებენ და საღამოს, 6 საათზე, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით და დავანახებთ ამ რეჟიმს, რამდენი ვართ". - ამბობს ბარამიძე. 

დღეს, 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა აქცია გამართა


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება.  

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები